ENG GEO
ინსპექტირება  ინსპექტირების სახეები

    ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო კონტროლის დამყარებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტო ახორციელებს ინსპექტირებას, როგორც გეგმურს, ასევე არაგეგმურს.
ლიცენზიის მინიჭებისას ფიზიკური ან იურიდიული პირი იღებს ვალდებულებას სალიცენზიო პირობების შესრულებაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების პროგრამის საფუძველზე, რომელსაც  სააგენტოს უფროსის წარდგინებით, შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი ყოველი წლის ბოლოს.
გეგმური ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა გამომდინარეობს კონკრეტული საქმიანობის რადიაციული რისკიდან და განისაზღვრება შემდეგნაირად:
  • რადიოაქტიური წყაროების გამოყენება მედიცინაში, მრეწველობასა და მეცნიერებაში – არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ;
  • რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა – არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ;
  • ამაჩქარებლები სხვადასხვა დანიშნულების (მედიცინა, მრეწველობა და სხვა) – არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ;
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ზოგადი პროფილის რენტგენოდიაგნოსტიკა, მამოგრაფია და სხვ.) – არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ;
  • სტომატოლოგიური რენტგენოგრაფია და მომსახურების მიწოდება მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებით – არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ;
  • ლიცენზირებადი საქმიანობის დანარჩენი სახეობები – არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.
 
არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება:
  • სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მიმართვებისა და შეტყობინების საფუძველზე;
  • საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • ფიზიკური ან იურიდიული პირის არალიცენზირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოსავლენად.
 
გამოვლენილი დარღვევების ხასიათის მიხედვით სააგენტო ატარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებებს.