რადიოაქტიური ნარჩენები წარმოიქმნება ბირთვული ენერგიის გენერაციის, რადიოაქტიური ნივთიერებების ინდუსტრიული და სამედიცინო მიზნებით გამოყენების, ასევე სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შედეგად. როგორც ყველა სხვა სახის საშიში ნარჩენი, რადიოაქტიური ნარჩენებიც წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის.
რადიოაქტიური ნივთიერებები (ნარჩენები) სხვა სახის საშიში მასალებისაგან ფუნდამენტურად განსხვავდება ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებით - შეუძლებელია რადიოაქტიური ნივთიერების რადიოაქტიურობის ხელოვნურად შემცირება. შესაბამისად, თუ ქიმიური ან ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება შესაძლებელია მათი დეკომპოზიციის გზით (დაწვა, პიროლიზი, ქიმიური დეზაქტივაცია და ა.შ), რადიოაქტიური ნარჩენების გასანადგურებლად არცერთი მსგავსი მეთოდი არ გამოდგება, რის გამოც, მათგან გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთ გზას წარმოადგენს მათი იზოლაცია ადამიანისა და გარემოსაგან.
რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების იზოლაცია და უსაფრთხოდ განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალურ საცავში, ასევე მათი ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა. იმის გამო, რომ ზოგიერთი რადიოაქტიური ნივთიერება ინარჩუნებს გამოსხივების უნარს მრავალი ათეული ათასი წლის განმავლობაში, მომავალი თაობების დასაცავად აუცილებელია უზრუნველვყოთ მათი საიმედო იზოლაცია ისე, რომ მათთან თავისუფალი წვდომა შეუძლებელი იყოს ათასობით წლის შემდეგაც კი, როცა შეიცვლება ეპოქები და შესაძლოა ცივილიზაციებიც კი.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რადიოაქტიური ნარჩენები ამჟამად უსაფრთხოდ ინახება რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალურ საცავში და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში.
დეპარტამენტის საქმიანობა