ENG GEO

შეხვედრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეგიონულ კოორდინატორთან

25.04.2023


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროგრამის მართვის ოფიცერს კარმინა ხიმენესს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, მარეგულირებელი ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე ეროვნული პროექტების ფარგლებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო აქტივობები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ჩვენს უწყებებს შორის. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, პროექტების ფარგლებში, აქტიურადაა ჩართული ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში, რაც, თავისთავად, უზრუნველყოფს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მზადყოფნა აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში. ჩვენს სააგენტოს გააჩნია მანდატი, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ბირთვული მეცნიერების, ისე ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია ის წარმატება, რასაც უკვე მივაღწიეთ ამ კუთხით. მოხარული ვარ, რომ ამ თანამშრომლობას აქვს კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა კარმინა ხიმენესმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მიმდინარეობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროექტები   „სახელმწიფო მონიტორინგის ეროვნული პროგრამების გაძლიერება სურსათში ნარჩენი ნივთიერებებისა და სხვა დამაბინძურებლების ტესტირების გაძლიერების გზით“.

პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ შეისყიდა თანამედროვე და მაღალი დონის აპარატურა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ახალი მეთოდების დანერგვას.

შეხვედრაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროგრამის მართვის ოფიცერმა გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერებისა და კიდევ უფრო მეტი აქტივობის განხორციელების მიმართულებით.