ENG GEO

ინფორმაცია საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის გაფორმებული ქვეყნის ჩარჩო პროგრამის თაობაზე

04.12.2020


2020 წლის 26 ნოემბერს, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) გენერალური დირექტორის მოადგილემ და ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა დაჟუ იანგმა ხელი მოაწერეს საქართველოს ჩარჩო პროგრამას 2020-2025 წლებისთვის.

ჩარჩო პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფოს აესს-თან თანამშრომლობის ღონისძიებების საშუალო-ვადიანი პერსპექტივით დაგეგმვისა და განხორციელების საფუძველს. იგი შემუშავდა აესს-ის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ეროვნული დაინტერესებული პირებისა თუ კომპეტენტური უწყებების ჩართულობით. ჩარჩო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ივლისის # 1185 განკარგულებით მოიწონა.

ჩარჩო პროგრამით განისაზღვრა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ასევე, ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ორმხრივად შეთანხმებული ეროვნული საჭიროებები ქვეყნის განვითარების გეგმებისა და პრიორიტეტების, წარსულში თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით. იგულისხმება ისეთი სტრატეგიული დოკუმენტები, როგორიცაა: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება; რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგია; საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნულ ი პროგრამა და სხვა.

ამდენად, ხელმოწერილ ჩარჩო პროგრამაში იდენტიფიცირებულია სახელმწიფოს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მხარდასაჭერად საქართველო მიიღებს, დაახლოებით, 10 მლნ ევროს ღირებულების ბირთვულ ტექნოლოგიებს და ტექნიკური თანამშრომლობის სხვა რესურსებს.

უფრო კონკრეტულად, 2020-2025 წლების განმავლობაში, აესს-ის თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა იქნას მიღწეული შემდეგი ამოცანები: (1) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის გაძლიერება; (2) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე ქვეყნის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება; (3) ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით; (4) ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან წვდომის გაზრდა და კვებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე ძალისხმევის კონცენტრირება; (5) ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერება სურსათის უვნებლობის მონიტორინგისა და კონტროლის მიმართულებით; (6) მიწისქვეშა წყლის რესურსების შესახებ საქართველოში არსებული ცოდნის ამაღლება და გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგის შესაძლებლობების გაუმჯობესება; (7) ქვეყნის შესაძლებლობების გაუმჯობესება ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოეფექტიანობის მიზნის მისაღწევად.