ENG GEO

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მობილური ლაბორატორია

03.12.2020


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის  სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის პროექტის „ბირთვული ავარიის შემთხვევაში საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (ANRS) მზადყოფნის გაძლიერება: მობილური ლაბორატორიის მოწოდება - G 4.01/19B“ ფარგლებში საქართველოს რადიაციულმა მარეგულირებელმა ორგანომ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო მობილური ლაბორატორია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება ბირთვული ან/და რადიაციული ღრუბელის, დაბინძურებული აირის ფრონტის ზემოქმედების შედეგების განსასაზღვრად.

მობილური ლაბორატორია დაფუძნებულია Mercedes-benz-ის ტიპის მაღალი გამავლობის 4x4 მიკროავტობუსის ბაზაზე და გათვლილია 3 პერსონაზე, 2 სამუშაო ადგილით სპეციალისტებისთვის. ასევე, მობილურ ლაბორატორიასთან ერთად მოწოდებული იქნა მისაბმელი, რომელიც გამოყენებული იქნება საჭირო ტვირთის, მოწყობილობების ან კონტეინერის ტრანსპორტირებისთვის. მობილური ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი წნევის სავენტილაციო სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს დაბინძურებულ გარემოში ოპერატორების უსაფრთხო მუშაობას.

მობილურ ლაბორატორიაში დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით შესაძლებელია წყლის, ნიადაგისა და ჰაერის ნიმუშების აღება და ლაბორატორიულ დონესთან მიახლოებული ალფა, ბეტა, გამა და ნეიტრონული გამოსხივებების კვლევა და ანალიზი (მათ შორის გამა და ალფა სპექტრომეტრია) საველე პირობებში. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შესაძლებელია რადიაციულად დაბინძურებული ღრუბელის ან ჰაერის მასების გავრცელების შეფასება რელიეფის გათვალისწინებით.