ENG GEO

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას მასპინძლობს

20.02.2018


საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას (integrated Regulatory Review Service (IRRS)) მასპინძლობს.
 
მისიის წარმომადგენლებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და სააგენტოს სპეციალისტები  შეხვდნენ.
 
მისია მიზნად ისახავს საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის შესწავლას და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.
 
მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებით, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან სხვადასხვა უწყებების საქმიანობას რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით. აღსანიშნავია, რომ მისიის რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ე.წ. “follow up” მისიის მიერ.
 
მისიის მოსამზადებელ პერიოდში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურა შეაფასეს. ამაში სააგენტოს თანამშრომლებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი SARIS (Self-Assessment Tool) სისტემა დაეხმარა. თვითშეფასების ანალიზის შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმის პროექტი.
შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.